პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის ომში კვლავ საქართველოს ადანაშაულებს. პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგენის დროს ღარიბაშვილმა თქვა, რომ "2007 წელს ქვეყნიდან გასული რუსული ჯარი, რამდენიმე თვეში შემოაბრუნა მაშინდელმა ხელისუფლებამ".
ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ არ ახსენა რუსეთი და აგვისტოს ომზე საუბრისას წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
"მე არ ვაპირებ თქვენზე ემოციების დახარჯვას, ხალხს მინდა ველაპარაკო და კოლეგებს შევახსენო კიდევ ერთხელ თქვენი მოღალატეობრივი საქმიანობა. ტერიტორიები ჩააბარეს, 2007 წელს გავიდა რუსული ჯარი ქვეყნიდან, რამდენიმე თვეში, შემოაბრუნეს რუსული ჯარი, შემოაბრუნეს, ამათ, ამ ადამიანებმა [ოპოზიცია]. მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერმინისტრი 2-ჯერ და ძალიან კარგად ვიცი ყველა თქვენი ნაბიჯი, რაც გაკეთებული გაქვთ. სამწუხაროდ, ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით, ბევრი რამის თქმა არ შეიძლება, არ ვიტყვი, მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ ძალიან დიდი შეცდომები კი არა, ვიტყოდი ღალატი ჩაიდინეთ. ტერიტორიების გარდა, 100-ზე მეტი ახალი სოფელი ჩააბარეს, კოდორის ხეობა რატომ დაკარგეს ამ ადამიანებმა? პასუხი გაგვცენ, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველო დაადანაშაულა. ამ თემაზე საუბრისას, ის, როგორც წესი, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას სდებს ბრალს და უმეტეს შემთხვევაში, არ ახსენებს რუსეთს.
***
5-დღიანი ომი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. თუმცა, სამხედრო ესკალაცია იმავე წლის აპრილიდან დაიწყო და მას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი NATO-ს ბუქარესტის სამიტი იყო, სადაც ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. რუსეთმა მაშინ განაცხადა, რომ არ გააკეთებდა „ყველაფერს, რათა არ დაეშვა უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანება".
თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ ფიქრობენ, რომ ომი 2008 წლის აგვისტოს 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო. მათი აზრით, ომი დაიწყო 8 აგვისტოს, როცა საქართველოს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის ჯარს ცეცხლი გაუხსნა.
2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.